თუ არ ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება პროტესტის მუხტის მოკვლა - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ორი პირობის შესრულების გარეშე, რაც გულისხმობს საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

ჯაფარიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება პროტესტის მუხტის მოკვლა და უცხოელებისგან რეჟიმის არაღიარების, სანქციების წყალში გადაყრა.

„გახარიას გადაჭრით არ უთქვამს, იღებს თუ არა მონაწილეობას. თქვა, რომ იტოვებს მაგ ვერსიას, რომ შეიძლება, მიიღოს მონაწილეობა. ჩემი აზრით, თუ არ შესრულდა ორი პირობა – საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა კონკრეტული პირობებით, რომლებიც შეთანხმებულია ყველა მსხვილ ოპოზიციურ ჯგუფს შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იქნება ერთი მხრივ, პროტესტის მუხტის მოკვლა, მეორე მხრივ, ის, რაც გარედან აქამდე შევინარჩუნეთ ამდენი ხნის განმავლობაში – არაღიარება ამ რეჟიმის და სანქციების შემოღება, ამ ყველაფრის წყალში გადაყრა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 15 აპრილს ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ პარტია მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება.