ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები წარადგინა - „ქართულმა ოცნებამ“ 53,93 პროცენტი მიიღო და 89 მანდატი მოიპოვა

ცესკო

ცესკოს დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს.

ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა წარადგინა.

„წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მის მონაცემებს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. ერთ-ერთი უბანი მარნეულის ოლქში, 69-ე უბანი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1 643, კანონმდებლობის შესაბამისად, იქ იყო გაბათილებული შედეგები. ახლა წარმოგიდგენთ სუბიექტებს და სუბიექტების მიხედვით, მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 229 161 ხმა მიიღო და 11.03%, მანდატების რაოდენობაა 19; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16; „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14; „გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12; „ქართული ოცნება“ – 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა 89“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.