ცესკო-ს მონაცემებით, 10:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 7.85 პროცენტს შეადგენს, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს - ცესკო

10:00 საათისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 7.85 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ცეკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით.  ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე  275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, – განაცხადეს ცესკო-ში.