1759573255
ცდილობენ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციას, ისეთი სურათის შექმნას, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში - მაკა ბოჭორიშვილი

არის ხელოვნური მცდელობები იმისთვის, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მას კითხვა დაუსვეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების პროცესში დარღვევებს უკავშირდება. ჟურნალისტის თქმით, მათ შორის საუბარი იყო ხმის ორჯერ მიცემაზე და ფულის დარიგებაზე.
„საპარლამენტო არჩევნებზეც და ახლაც ვაკვირდებით ამ პროცესს. მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია, დადგან და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს იმ პროცესებში, რაც უკავშირდება არჩევნებს. ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისთვის, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ყველაზე კარგი ტესტი არის თავად ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების პასუხი არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.