წამყვანი თურქული მედია საშუალებები მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობის მეთაურის ინიციატივას ეხმიენებიან

irakli garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო, - ამ სათაურებით ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედია საშუალებები მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობის მეთაურის ინიციატივას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისში თურქეთის საელჩოს ეწვია და ქაჰრამანმარაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თურქეთის ელჩს მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს საელჩოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი დახვდა.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავ ჩემს ძლიერ სოლიდარობას და თანაგრძნობას თურქეთის რესპუბლიკის და თურქი ხალხის მიმართ ამ რთულ დროს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულთათვის 1 მილიონი ლარი (7 მილიონი თურქული ლირა) გამოიყო. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური დახმარება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. პრემიერის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტები, საკვები, ტანსაცმელი, სამედიცინო ინვენტარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა თურქეთში გაიგზავნება, - წერენ ცნობილი თურქული მედია გამოცემები.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.