"ტრამპმა უთხრა ევროპას, აშშ-ს არასამართლიანად ექცევიო. რატომ არიან ახლა თავჩაქინდრულები ევროკავშირსა და ევროსაბჭოში? ტრამპის წინააღმდეგ ვერაფერს ამბობენ და საქართველოს წინააღმდეგ დიდი გული აქვთ?" - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდაზე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ იდენტური შინაარსის კანონები მიიღო დონალდ ტრამპმაც.

"სად გაურბიან სიმართლეს, რომელიც დღეს არსებობს რეალობაში. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, მივიღეთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. ჩვენი ორივე კანონის შინაარსის იდენტური ბრძანებები მიიღო პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმა პირდაპირ თქვა, რომ კრძალავს ტრანსგენდერულ სიგიჟეებს და ეროვნული ღირებულებები შეაქვს სკოლებში და ამ დროს ამბობს, რომ კრძალავს ყოველგვარ გადარიცხავს ნებისმიერ არასამთავრობო სექტორის მიმართ, სადაც კი არის მშვიდობის საწინააღმდეგო მოქმედებები. ანუ, გამჭვირვალობისთვის მიიღო ეს ბრძანება. რა გამოდის? თუ ჩვენ ამ საფუძვლით გვეუბნებიან, რომ უნდა შეგვიზღუდონ დიპლომატიური პასპორტების უვიზო მიმოსვლა, გამოდის რომ მაშინ ტრამპის ადმინისტრაციასაც იგივე უნდა უთხრას ევროპამ. ალბათ ამიტომაც უთხრა ტრამპმა ევროპას, რომ არასამართლიანად ექცევი ამერიკასო, ხომ გვახსოვს ეს სიტყვები? რატომ არიან ახლა თავჩაქინდრულები ევროკავშირში და ევროსაბჭოში? ტრამპის წინააღმდეგ ვერაფერს ამბობენ და დიდი გული აქვთ საქართველოს წინააღმდეგ? ეს ხომ უსამართლობაა. ეს არის რეალობა, რასაც არავინ არავის არ აპატიებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, საბჭოს ოფიციალურ რელიზში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე.