1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ასე მარტივად არ არის საქმე, რომ ერთი-ორი თანამდებობის პირის გამონათქვამის გამო საქართველო განიხილებოდეს რუსეთის მოკავშირედ. არცერთ ქვეყანას მსგავსი რამ არ უთქვამს. შესაძლოა, უკრაინიდან რამდენიმე პარლამენტარი გამოთქვამს საყვედურს, მაგრამ არცერთ ქვეყანას – არც ამერიკას და არც სხვას, მსგავსი რამ საქართველოს მისამართით არ უთქვამს - ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ გამოცემა ალიონი XXI- თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნარატივი, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება, საქართველოში ხელისუფლებაც დამარცხდება, მოიტანა იმისმა მტკიცებამ, რომ ამ ომში საქართველო რუსეთის მხარეს დგას.
შეკითხვაზე, რუსეთის და უკრაინის ომის განვითარების როგორ სცენარს ხედავს, თორნიკე შარაშენიძე პასუხობს, რომ როგორც არ უნდა მორჩეს ეს ომი, რუსეთი იქნება დასუსტებული.
„ყველა შემთხვევაში რუსეთი იქნება დასუსტებული, როგორც არ უნდა მორჩეს ეს ომი. იმიტომ, რომ დაკავებული ტერიტორიის ოკუპაცია ძალიან ძვირი დაუჯდება, ვგულისხმობ ოკუპაციის, ტერიტორიის კონტროლის ხარჯს. სანქციებმა უკვე დაასუსტა და ეს სანქციები გააგრძელებს მოქმედებას საკმაოდ დიდხანს. თავისთავად, ცხადია, ყველა ვარიანტში ამერიკა გამოვა უფრო გაძლიერებული, მით უმეტეს, ახლა ამერიკამ მიიღო ის, რაც არ ჰქონია თითქმის 20 წლის განმავლობაში – ეს არის უპრეცედენტო ერთიანობა დასავლეთისა, ამერიკის და ევროპის. ეს ასე არ ყოფილა ერაყის ომის შემდეგ. მაშინ გაიხლიჩა დასავლეთი ერაყში ომის გამო და უკვე 20 წელი გავიდა. რუსეთს ექნება სერიოზული თავის ტკივილი, ზარალი და რუსული საზოგადოების სერიოზული დემორალიზაციის პერსპექტივა. უკრაინასთან, მათთვის ყველაზე ახლო ერთად, ომი ასეთი მარტივი არ არის და ვერ ვიწინასწარმეტყველებთ – როგორ ჩაივლის მათთვის ეს ვითარება“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.