1795082067
თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებზე საუბრისას, ისეთ გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდადებული მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა, როგორებიცაა გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმეები.
ჭეიშვილმა მუხლობრივად მიმოიხილა „ნაციონალური მოძროაბის“ მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულები და ისაუბრა თითოეულ ამ საქმეში ფიგურანტი პირებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათა და ბაჩო ახალაიებისთვის წარდგენილ მუხლებზე.
„გადავდივარ მსჯავრდებულ პირებზე. დავით (დათა) ახალაია - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი, გირგვლიანის და ბუხაიძის ეპიზოდში დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში. მან ორგანიზება გაუწია მათ გატაცებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, შემდეგ კი საკუთარი და სხვა მონაწილეების პასუხისმგებლობისგან განრიდებას.
მეორე პირი - ივანე (ვანო) მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და 341-ე მუხლით. მან ორგანიზება გაუწია მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა დანაშაულში.
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ექს-პრეზიდენტი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. განაჩენით დადგინდა, რომ წინასწარი უკანონო დაპირების შესაბამისად შეიწყალა ოთხი მსჯავრდებული და სასჯელები გაუნახევრა, რამაც მათი ვადამდე გათავისუფლება გახადა შესაძლებელი.
ასევე, აქვე არიან ბაჩანა, იგივე ბაჩო ახალაია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მაშინდელი, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის ციხეში უკანონო პრივილეგიების შექმნის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გადავიდეთ მომდევნო საქმეზე, სამაგალითოდ ჩამოვთვლით კიდევ ერთხელ, ეს არის ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე. ამ შემთხვევაში 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილნი ირაკლი ფირცხალავა, ეს გახლავთ ყოფილი, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ისეთი საშუალებით, რომელიც სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც უქმნიდა საფრთხეს, გიორგი ცააძე, იმავე დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე, კახაბერ ნაკანი, თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროზეა საუბარი, და სხვა კიდევ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ძალოვანი უწყების თანამშრომელი.
ამირან, ბუტა რობაქიძის საქმე. ამ შემთხვევაში, ესე იგი, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი, ეს არის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, რომელიც შეეხებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას: გურამ, იგივე გურგენ დონაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დავით იაშვილი, ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, სხვა რამდენიმე პირი, და ცალკე განაჩენი დადგა ირაკლი ოქრუაშვილის, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სასამართლო შედეგის მიხედვით, მან პოლიციის, ესე იგი, რეპუტაციის, იმიჯის დასაცავად მოხელეებს დაავალა, რომ მუხტარისთვის შეიარაღებული თავდასხმის სახე მიეცათ. 2025 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით,“ - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.











