თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც ეძებდა გზებს, რომ საქართველოში შავი ფულის შემოდინება მომხდარიყო, რათა ამით ანტისახელმწიფოებრივი პროცესები წახალისებულიყო

თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი „დღის ქრონიკაში“ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ მარტა კოსმა რეალობის აღქმა დაკარგა.

„მარტა კოსი საუბრობს, რომ თითქოს საქართველოში რუსეთი იმარჯვებს და ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც დაუფარავად ლაპარაკობდა იმაზე და ეძებდა გზებს, რომ საქართველოში შავი ფულის შემოდინება მომხდარიყო, რათა ამით ანტისახელმწიფოებრივი პროცესების წახალისებულიყო. აქვე ისმის ლოგიკური კითხვა, რას ნიშნავს რუსეთის გამარჯვება?! ნიშნავს იმას, რომ ამ მძიმე, ტურბულენტურ ვითარებაში, დღეს საქართველოში ვინარჩუნებთ მშვიდობას?! თუ ის არის რუსეთის გამარჯვება, რომ დღეს ვახორციელებთ იმგვარ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პირდაპირ არის იმის გარანტი, რომ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უფრო მეტად იყოს დაცული. ეს კითხვა რა თქმა უნდა არის რიტორიკული ჟანრის, მაგრამ მეორე მხრივ მარტივი ანალიზის შესაძლებლობას ქმნის, რომ სამწუხაროდ ეს უსამართლო დამოკიდებულება ჯერჯერობით შეცვლილი არ არის.

კოსის განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან. როდესაც ის ლაპარაკობს გაცვეთილი ნარატივით რუსეთთან დაკავშირებით, რეალურად, ამგვარი განცხადებებით რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს სწორედ კოსი და სხვა ევრობიუროკრატები, რომლებიც ფაქტობრივად ევროსტრუქტურების დისკრედიტაციას ახდენენ. მგონია, რომ ქალბატონმა კოსმა რეალობის აღქმა დაკარგა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.