თორნიკე ჭეიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ეტაპი, როდესაც კონკრეტული გარე დავალებებით მოქმედი პოლიტიკური ძალები, აგენტები მოქმედებენ იმ მიზნით, რომ შეასრულონ დაკვეთა და ქვეყანა აჯანჯღარონ

თორნიკე ჭეიშვილი

შეგვიძლია, უკვე დადასტურებულად ვთქვათ ის, რომ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამდენად დაიწყო 9-თვიანი ვადის ათვლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კონსტიტუციურ სარჩელზე საუბრისას.

მისივე თქმით, აქვთ აბსოლუტურად საფუძვლიანი მოლოდინი და იმის იმედი, რომ დასახელებული სამი არაკონსტიტუციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო ჯამში, აიკრძალება. ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს ამ პარტიების რეგისტრაციის გაუქმებასაც.

„რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ მხარეს - ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, აგენტურისგან, იმ ძალებისგან, რომლებიც არიან დაინტერესებული ექსტრემიზმის გაღვივებით, დაინტერესებული არიან ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობით, დაინტერესებული არიან იმით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში და არ მისცენ საშუალება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას მშვიდ, სტაბილურ გარემოში განვითარდეს. ამ დანაპირებს ჩვენ ვასრულებთ. ეს არის შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელში მოვლენებისა და პროცესების მთელი წყებაა აღწერილი, რომელიც 2003 წლიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ეტაპი, როდესაც კონკრეტული გარე დავალებებით მოქმედი პოლიტიკური ძალები, აგენტები მოქმედებენ იმ მიზნით, რომ შეასრულონ დაკვეთა და ქვეყანა აჯანჯღარონ, რათა აქ ვერ მოხერხდეს სათანადო მასშტაბით განვითარების უზრუნველყოფა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ დემოკრატიული სისტემის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისთვის იქნება ყველანაირი წინაპირობა და დერადიკალიზაცია იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.