1736884505
თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
თინა ბოკუჩავამ ასამბლეას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, არ ცნონ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციები, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„სტრასბურგში ჩვენი შეხვედრის შემდეგ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს, ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თქვენთან შესახვედრად გამომგზავრების წინა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი ახალგაზრდა იქნა დაკავებული. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი. რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს: არ აღიარონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმი; მოუწოდონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ხალხს, თავისუფლად, შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი ნება; გააგრძელონ პერსონალური სანქციების დაკისრება, რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერ, თუმცა, ჩვენ გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ევროკავშირის დონეზე, რათა ვაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, დათმოს ძალაუფლება, ჩატარდეს ახალი არჩევნები; ფინანსური დახმარება სრულად იქნას მიმართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად და მოქალაქეების გასაძლიერებლად; მოითხოვონ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის, ისევე, როგორც პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება; დაბოლოს, მოგიწოდებთ, არ ცნოთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციები არცერთ საპარლამენტო ფორუმზე, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.