თინა ბოკუჩავა: ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის

თინა ბოკუჩავა

ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობა და ქართველი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს.

„იცით, რომ მე პირადად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო და უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ე.წ. ბლანკეტური წესის გამო, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს და შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, ფინანსურ ელიტას, მოძალადეებს, ცრუ მოწმეებს, ე.წ. მოსამართლეებს და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერია, არის პროგრესი და იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.