თენგიზ შარმანაშვილი: შანტაჟის ფონზე კანონებს არ გავაუქმებთ, რადგან ეს საქართველოს მომავალზე დამღუპველად იმოქმედებს

თენგიზ შარმანაშვილი

შანტაჟის ფონზე კანონებს არ გავაუქმებთ, რადგან ეს საქართველოს მომავალზე დამღუპველად იმოქმედებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაყენებული პირობები პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება.

„გადაწყვეტილებას ევრობიუროკრატია არ იღებს, კონკრეტული ქვეყნები იღებენ. მათ კი მოგვწერეს, რომ პასუხს 31 აგვისტომდე ელოდებიან, რაც შანტაჟია. ეს დედლანიც სპეციალურად არის შემოგდებული, რომ არჩევნების წინ ფონი შექმნან, იქნებ მანამდე საქართველოში რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყონ. ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს დამთავრებული ამბავია. რაც შეეხება იმას, კონკრეტული ქვეყნები დაიწყებენ თუ არა მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები უფრო მეტ არგუმენტაციას და დასაბუთებულობას მოითხოვენ, სანამ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერენ. საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ლიდერი და მოწინავე ქვეყანაა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების საკითხში და არანაირი შემაფერხებელი იმისა, რომ ქვეყანას ამის გამო ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ, არ არსებობს.

ეს ქვეყნები თუ პოლიტიკური შანტაჟის გამო იმავე ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტენ, ეს იმედის გამაცრუებელი იქნება საქართველოს მოსახლეობაში. მჯერა, რომ ეს ასე არ იქნება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაყენებული პირობები არავითარ კავშირში არ არის და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება, მათ შორის იმ ორი ცნობილი კანონის გაუქმება. ამას შანტაჟის ფონზე არ გავაკეთებთ და არა იმიტომ, რომ რაღაც ყელყელაობა და თავის მოწონება გვინდა, რა მაგარი ხალხი ვართ. ამ ორი კანონის გაუქმება საქართველოს მომავალზე დამღუპველად იმოქმედებს. ვიზალიბერალიზაციასთან არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გარკვეული ჯგუფების დაფინანსება არ წყდება. ეს ხომ ნათელზე ნათელია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.