თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს ნაურუზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალება რომ ჰქონოდა, ამას 16 წლის წინ გააკეთებდა, სწორი იყო გვემუშავა მათთან, ვისაც ამ ქვეყანაზე ზემოქმედება შეეძლო

თენგიზ შარმანაშვილი

ზოგიერთმა დილეტანტმა თქვა, რომ ნაურუს გადაწყვეტილება საქართველოს პარტნიორებმა უზრუნველყვეს, თორემ საგარეო უწყება არაფერ შუაშიაო, დიდი დილეტანტი უნდა იყო, ასე იფიქრო და საგარეო ურთიერთობები ასე წარმოიდგინო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, სწორი იყო, რომ საქართველომ მათთან იმუშავა, ვისაც ნაურუზე ზემოქმედება შეეძლო.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ნაურუზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალება რომ ჰქონოდა, ამას 16 წლის წინ გააკეთებდა. რას ვიზამდით, დავემუქრებოდით? – სწორი იყო მათთან გვემუშავა, ვისაც მასზე ზემოქმედება შეეძლო. ეს ამის შედეგია. დილეტანტს კიდევ ჰგონია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ იმას ნიშნავს, საქართველოს რომელიმე დიპლომატი ნაურუში ჩასულიყო და ერთი ერთზე ემუშავა. კიდევ სამი ქვეყანა დარჩა და მათთან ვისაც შეუძლია ურთიერთობის ისე დალაგება, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული, საგარეო უწყებამ ეს უნდა გააგრძელოს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.