თენგიზ შარმანაშვილი დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესების რეიტინგზე: არ გამიკვირდა, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვართ

თენგიზ შარმანაშვილი

არ გამიკვირდა, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვართ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.

„არ გამიკვირდა, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვართ. საპირისპირო [მდგომარეობაა] ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში, რასაც დროდადრო ვიგებთ ხოლმე. ჩემდა სამწუხაროდ ესეც [რეიტინგიც] შეუმჩნეველი დარჩება, ისევე როგორც სხვა რეიტინგები, სადაც აბსოლუტურად დაწინაურებულები ვართ. რეიტინგები გარკვეული მეთოდოლოგიით დგება. მეთოდოლოგიაში როდესაც ამ ციფრებს სვამენ, იძულებულები არიან სწორი დასკვნები გააკეთონ, მაგრამ როგორც კი ეს პოლიტიკოსების ხელში ვარდება, მას უგულებელყოფენ და მიუხედავად იმისა, რა დასკვნა არის გამოტანილი ამ რეიტინგების მიხედვით, თავის პოლიტიკურ ნარატივს ახვევენ მთელს მსოფლიოს თავზე. ასეთი არაობიექტური მიდგომა სამწუხაროდ ჩვენთვის ჩვეული გახდა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.