თენგიზ შარმანაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება ტერორიზმის კლასიკური ნიმუშია, ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ სასამართლო ხელისუფლების პარალიზება სურდა

თენგიზ შარმანაშვილი

ელისაშვილის ქმედება ტერორიზმის კლასიკური ნიმუშია, წარდგენილ მუხლს შეესაბამება და ამას ნებისმიერი სამოსანი პირველკურსელი იურისტიც დაადასტურებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელისაშვილის ქმედება მანიშნებელია, რომ მას ხელისუფლების პარალიზება უნდოდა.

„ალეკო ელისაშვილმა თვითონაც თქვა, რომ ეს სასამართლო ხელისუფლების პარალიზებისთვის სჭირდებოდა, რადგან მისი გადაწყვეტილებები არ მოსწონდა. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ მას ხელისუფლების პარალიზება სურდა. უნდოდა, რომ ხელისუფლებას არ ემოქმედა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელი ყოფილიყო კანონიერი ნაბიჯების გადადგმა. ამას ხმამაღლა ამბობს და არც უარყოფს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების გამოძიებას არ ენდობიან, რაზეც შარმანაშვილმა აღნიშნა:

„ეს ცინიზმია. რა ჰგონიათ, ტერორისტებს მოტივაცია არ აქვთ? პარიზში, საკონცერტო დარბაზში რომ შევარდნენ და ასზე მეტი კაცი მოკლეს, მათაც ჰქონდათ რელიგიური მოტივი. თქვეს, რომ მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს. ეს რა გამოხატვის თავისუფლებაა? ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყუპებს თვითმფრინავებით რომ შეეჯახნენ და სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვიეს, მათაც ჰქონდათ მოტივი. ისინი ამბობდნენ, რომ ამერიკა მუსლიმანურ მოსახლეობას ჩაგრავდა ავღანეთსა და სხვა სამხედრო ოპერაციებში. ეს შეიძლება გამოხატვის თავისუფლებად ჩაითვალოს? მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანებს შეუძლიათ, ტერორისტული აქტი ასე შეაფასონ ან ამით გაამართლონ. აგენტურას თუ დავალებად მოუვიდა ასეთი წარმოუდგენელი არგუმენტაციით და ფორმებით გამართლება ტერორისტული აქტის, მაშინ მათი პატრონების აზროვნება ეჭვქვეშ დგება“.