თეა წულუკიანი: სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა სააკაშვილის დავალებით გვერდზე გადადეს - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი

თეა წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა გადადეს.

„გაწირვაში ვგულისხმობ მათ შორის, იმას, რაც უკვე დადგენილი ფაქტია ჩვენი კომისიის ამ ეტაპზე მუშაობის შედეგად, რომ ჩვენს გამოცდილ სამხედროებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ცხინვალის ალყაში მოქცევას გულისხმობდა და ქალაქში შესვლას არ ითვალისწინებდა, რადგან იქ მოსახლეობა იყო; იქ იყო ევაკუაციის გეგმაც, სამხედროების მიერ შემუშავებულ გეგმაში და ეს გეგმა სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა გადააგდეს, გადადეს გვერდზე და ვანო მერაბიშვილმა ჯანაშვილთან ერთად, მის მოადგილესთან ერთად, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი. ამან გამოიწვია ქაოსი და ამან გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი ჯარშიც, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

2003 - 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.