თეა წულუკიანი: გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც საჯარო გახდა, ვინაიდან ეს არის ის ნარატივი, რაც, მათ შორის, ჩვენი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან მიეწოდება ელისეის სასახლეს

თეა წულუკიანი

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც საჯარო გახდა, ვინაიდან ეს არის ის ნარატივი, რაც, მათ შორის, ჩვენი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან მიეწოდება ელისეის სასახლეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ამაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, საფრანგეთის პრეზიდენტი აკეთებს ძირითადად, ჩემი გადასახედიდან, ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულ შეფასებებს, მაგრამ ეს მისი შეფასებებია, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. გასაკვირი ამ შეფასებებში არაფერია, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავის განცხადებაში ისიც ახსნა, თუ რა უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო ხელმძღვანელმა, თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მაგალითად, დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნას. იქ ითქვა, რომ იქ, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობებია, რასაკვირველია, ეს პატიმრობები არ არის ხანგრძლივი, მაგრამ იქ, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და სადაც არსებობს დაზარალებული, რა თქმა უნდა, აქ ვერანაირი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ხელისუფლება ასე ერთი ხელის მოსმით ვერავის გაათავისუფლებს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები, პრაქტიკულად, „ლაივში“ და ასევე დაზიანებული პირები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იგი ასევე გამოეხმაურა დაზარალებულების საკითხს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთ დაზარალებულს და მისი სახით ყველა დაზარალებულს სოლიდარობა გამოვუცხადო. ეს გახლავთ ალი ბაბაევი. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ემოციური კავშირი ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან საამაყო შვილთან, იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას ქუჩიდან ვებრძოდით. ამიტომ მასზე აღმართული ხელი, რა თქმა უნდა, ჩემთვის მეტად მტკივნეული იყო. თუმცა, დაზარალებული მარტო ის არ არის. არაერთი დემონსტრანტია დაზარალებული და დაზარალებულია არაერთი პოლიციელი, თან მძიმედ. ამიტომ ყველა მათგანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.