თეა ახვლედიანი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ჩინეთში ვიზიტი განახორციელა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მიწვევით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება.

„ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მინისტრთან, ჩენ რუიფენგთან, ჩინეთის ხალხთა ეროვნული კონგრესის ეთნიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბეინ ჩაოლუსთან, მინზუს უნივერსიტეტისა და ეთნიკურ კულტურათა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებისას, ორი ქვეყნისთვის აქტუალური მიდგომებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო პრიორიტეტებზე ხედვები და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების შესაძლო გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია 2023 წელს საქართველოს ეწვია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გაცნობის მიზნით“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.