1747980527
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებისას კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს - ალექსანდრე დარახველიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებისას კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულების დაზიანებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საგამოძიებო სამსახურს.
„საზოგადოებამ სხვადასხვა სოციალური ქსელით ნახა, რომ დაკავების დროს კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ერთ შემთხვევაში ნახეთ კიდეც, რომ პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს. შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა და დაწყებულია შესაბამისი წარმოება. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შესაბამისად, ეს დაზიანებები გამოწვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, თუ სხვა ტიპის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უკვე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს. როგორც კი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსდნენ, მათ საშუალება ჰქონდათ, რომ ექიმთან დაეფიქსირებინათ აღნიშნული დაზიანების და პრეტენზიების შესახებ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწონა საგამოძიებო სამსახურს. ეს ის პროცედურაა, რაც არის კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავეს.