თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება

დელეგაცია

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის  რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ქალაქ ვენის საგანმანათლებლო კამპუსების გაერთიანების განყოფილების უფროსთან, ქალაქის მეორე რაიონის საგანმანათლებლო კამპუსისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებთან, ქ. ვენის მერიის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან, ქალაქის სენატის მრჩეველთან, ვენის სამუსიკო სკოლების დირექტორთან, მუნიციპალიტეტის საბჭოს მრჩეველთან, სახელდების კომისიის თავმჯდომარესთან და ვენის მუზეუმის კომუნიკაციისა და ურთიერთობების ხელმძღვანელთან.

საკრებულოს წევრთა განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მუნიციპალური პროგრამების გაძლიერებისათვის უცხოური გამოცდილების გაცნობა/გაზიარება წინგადადგმული ნაბიჯი და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტიანი საშუალებაა.

საკრებულოს წევრები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს. დელეგაციის წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, კულტურის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელდების სფეროსაც, კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს თბილისის ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე, ქართულ-ავსტრიული ურთიერთობის ჭრილში.

დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზიტის მნიშვნელობაზე ქვეყნებს შორის კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მადლობა გადაუხადეს საელჩოს წარმომადგენლებს და პირადად ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს, ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.