შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის ფარგლებში ახორციელებს როგორც სამგზავრო ტერმინალის, ასევე სააეროპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკინგის გაფართოებას, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია, პროექტის დასრულების შემდეგ კი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
„პროექტის თანახმად, ფართოვდება როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის ზონები, ასევე ემატება მგზავრთა მომსახურების სივრცეები და ახალი სადგომები, როგორც საჰაერო ხომალდებისთვის, ისე ავტომობილებისთვის. უმჯობესდება მომსახურების ზონები, თვითმფრინავთა მისადგომი გეითების რაოდენობა ხუთიდან ათამდე იზრდება, რაც საერთო ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
პროექტის ფარგლებში სამგზავრო ტერმინალის საერთო ფართობი დამატებით 21 500 კვადრატული მეტრით გაიზრდება. გაფართოების სამუშაოები ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადების უფრო ეფექტიან მართვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებას.