თბილისის მერიამ სხვა უწყებების ჩართულობით მიიღო გადაწყვეტილება, გამკაცრდეს კანონმდებლობა და ადმინისტრაციული ჯარიმები, რომ აღარ მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯება - ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონის გამკაცრებაზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მსგავს დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვა უწყებების ჩართულობით მიიღო გადაწყვეტილება, გამკაცრდეს კანონმდებლობა და ადმინისტრაციული ჯარიმები, რომ აღარ მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯება. მილიონობით ლარს ხარჯავდე ამ საქმეში, რომ გამოასწორო ქალაქის იერსახე, ამ თანხების წყალში გადაყრა არის არალოგიკური. ამიტომ, გამკაცრდება სასჯელი, მოხდება შესაბამისი რეაგირება და გააქტიურდებიან უწყებები ამ თვალსაზრისით," - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონი მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით დედაქალაქის მერია საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში მიმართავს. მერიის ცნობით, თბილისში ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტი დაფიქსირდა, მისი პირვანდელი სახის აღდგენაში კი მუნიციპალიტეტი მილიონობით ლარს ხარჯავს.