თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკანონო მშენებლობებისგან თავი შეიკავონ

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.

როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც დღესაც პრობლემაა. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა, მათ შორის, სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ასეთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი ყოველ ჯერზე ჯარიმდება 50 000 ლარით, მეორე ჯერზე კი კანონმდებლობის დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე, ინსპექცია უფლებამოსილია, განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ჩვენი ინიციატივით, ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართულებით, კანონმდებლობა 2019 წლიდან გამკაცრდა და გაიზარდა ფინანსური სანქციები. ასევე, ობიექტის მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობასა და სამუშაოების გაგრძელებაზე შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის დრო, როდესაც უკანონო მშენებლობები სკვერებისა და სპორტული მოედნების ადგილზე მიმდინარეობდა, დასრულდა.

„ჩვენ არავის ვზღუდავთ მშენებლობაში, ოღონდ ეს უნდა იყოს სწორი, გამართული პროცესი ქალაქგეგმარებითად და ურბანულად. მიიღეთ ნებართვა. იქ, სადაც მშენებლობა მიუღებელია, ჩვენ ნებართვებს, რა თქმა უნდა, არ გავცემთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობების აწარმოონ. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ის დრო დასრულდა, როდესაც ვისაც სადაც და როგორც უნდოდა, იმას აშენებდა. ჩვენ დავამთავრეთ ის დრო, როდესაც ხდებოდა მიტაცება და გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების და მათ ნაცვლად სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.