თაზო დათუნაშვილი: ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორიც არასდროს ყოფილა, ეს ცალსახად უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს

თაზო დათუნაშვილი

ამ ნაბიჯს ცალსახად მივესალმები. აშშ-მა გადადგა ნაბიჯი, რომელიც შტატების დღევანდელ კონიუნქტურაში ისე ჯდება, როგორც ჯდება. არ ვაპირებ, ვაკრიტიკო ეს გადაწყვეტილება. ის ისეთია, როგორიც არის. ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ შეწყვეტილ ენჯეოსექტორის დაფინანსებას ევროკავშირი ანაცვლებს.

„ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკა, სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ მოცემულობად და შევეცადოთ, ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალური გამოვიღოთ ამ გადაწყვეტილებებიდან“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილის თქმით, ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორიც არასდროს ყოფილა

„ის რომ ევროკავშირი აპირებს, რამდენიმე მილიარდი ჩაასხას სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაში, ევროკავშირში, თუ სხვა ქვეყნებში, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის საწინააღმდეგოს, რასაც ამტკიცებენ შალვა პაპუაშვილები და სხვა ბანდეროლოგები, რომ ევროკავშირი არის ძლიერი, მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო ველზე. ევროკავშირი, იქიდან გამომდინარე, რა პოლიტიკასაც აწარმოებს ახლა საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და გაძლიერებაში, ბევრად ძლიერი მოთამაშე იქნება უახლოესი 5-10 წლის მანძილზე.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავმხდარიყავით უსაფრთხოების ამ ქოლგის ნაწილი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორი ძლიერიც არასდროს ყოფილა. ეს ცალსახად უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ზაზა შათირიშვილს და პახმელიიდან ვერ გამოსულ ხალხს, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკაა და ევროკავშირი ძალიან მალე გახდება ახალი უსაფრთხოების ქოლგა, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად რეალობაში არ ჰყავს მეტი სხვა პერსპექტივა, ვიდრე ევროკავშირი და შეერთებული შტატები. იმ ჯოჯოხეთურ აღწერილობაში, რასაც ზაზა შათირიშვილი და შალვა პაპუაშვილი გეუბნებათ, საქართველოს უსაფრთხოების გარანტი თურმე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და რა ვიცი, ვისაც მაგის გჯერათ, ღმერთმა მაგ სიმართლით გატაროთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა აშშ-ის გასვლა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც ფლანგვად, არაეფექტიან და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული.

„ჩვენ რასაც „საერთაშორისო სისტემას“ ვუწოდებთ, ახლა ასობით გაუმჭვირვალე საერთაშორისო ორგანიზაციითაა გადატვირთული, რომელთაგან ბევრს გადაჭარბებული მანდატები, დუბლირებული ქმედებები, არაეფექტური შედეგები და ცუდი ფინანსური და ეთიკური მმართველობა აქვს“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.

ამასთან, ევროპარლამენტარმა კინგა გალიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ევროკომისია AgoraEU-ს პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 8.6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, რათა შეავსოს USAID-ის დაფინანსების შეჩერების შედეგად შექმნილი ხარვეზი“.