თავისუფლების მეტი ხარისხი თუ გაბრაზებულები - რატომ დატოვეს „ოცნების“ რიგები საკრებულოს წევრებმა

ocneba

დეპუტატების შემდეგ საკრებულოს წევრები - "ქართული ოცნების" რიგები და თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლის, გორისა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებმა.

მიზეზი კელი დეგნანის მიერ მიხეილ ყაველაშვილის წერილის იგნორირებაა. უფრო მეტიც, მათი ნაწილი დასავლელ პარტნიორებს ცეკას წარმომადგენლებსაც კი ადარებს.

"ოცნებიდან" წასულებს ყაველაშვილის, ხუნდაძის და სუბარის რიგებში ყოფნა სურთ. მათი მტკიცებით, იქ თავისუფლების მეტი ხარისხია.

კოლექტიური დასავლეთისადმი უკმაყოფილოთა რიგები "ქართული ოცნებიდან" წასულებისგან ყოველ დღე იზრდება.

"გაბრაზებულები" თვლიან, რომ მმართველ პარტიას სიმართლის თქმა უჭირს და ამიტომ ფარდის ახდის პროცესი სწორედ მათ უნდა იტვირთონ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ გოგინაშვილმა წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი ფეისბუკზე ახსნა. მისი თქმით, ის იმ ხალხს უერთდება, ვინც "მეტის ლაპარაკს აპირებს".

მიხეილ გოგინაშვილამდე იმავე მიზეზით და იმავე დღეს საკრებულოები დატოვეს ლაგოდეხის, ჭიათურის, ახალციხისა და თერჯოლის საკრებულოების წევრებმაც.

ოთხივე მათგანმა თანამდებობასთან ერთად, მმართველი გუნდის რიგებიც დატოვა. როგორც განმარტეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში სწორედ იმიტომ მივიდნენ, რომ გადაწყვეტილება უკვე ყოფილი თანაგუნდელებისთვის თავად გაეცნოთ.

ნიკა სამხარაძის მიერ თანამდებობის დატოვება ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გაჰკვირვებიათ ჭიათურის საკრებულოს ოპოზიციაში.

მმართველი გუნდიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის წასვლას ლაგოდეხის საკრებულოშიც გამოეხმაურნენ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას საკუთარი აზრი აქვს და უფლება გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

„ოცნებიდან“ წასულები თვითმმართველ ორგანოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, "ოცნების" წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ - ასე შეაფასა კოლეგების მხარდაჭერა დიმიტრი ხუნდაძემ და მათ მადლობა გამბედაობისთვის გადაუხადა.

"მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ  საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.

ოპონენტების დიდი ნაწილი  ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და "თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა". მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა,  რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ  სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.

მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ  არგებს ჩვენს სახელმწიფოს.

საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად",- თქვა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 8 ივლისს ყაველაშვილმა დეგნანს წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ ემიჯნება "პროვოკაციებს".
პასუხად, დეგნანმა წერილს ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა.