თავად ზელენსკიმ, ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, რომ ათეულობით მილიარდი დოლარის მითვისებაში დაედანაშაულებინა „დიფ-სთეითი“ და სხვადასხვა კორპორაცია - ეს არის სკანდალი - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი მავნებლობები ბოლოსკენ წაიყვანა და რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ახლა გადაწყვიტა ზელენსკიმ, რომ კორუფციასა და ფინანსურ ინტერესებზე ესაუბრა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რითაც ზელენსკის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„რამდენიმე თვის წინაც, ვერ წარმოიდგენდით, რომ უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში კორუფციაზე ისაუბრებდა და იმ მასშტაბის კორუფციაზე, როდესაც უკრაინას თავად ჰქონდა თვითმფრინავები, რომელსაც შეეძლოთ გადაეზიდათ შესაბამისი ტვირთი უკრაინაში. ადამიანი ამბობს, რომ კორპორაციები არ მაძლევდნენ იმის საშუალებასო, რომ საკუთარი თვითმფრინავებით გადმოგვეზიდაო, იმდენად დიდ ფინანსურ ინტერესებზე იყო საუბარიო. დამერწმუნეთ, საქართველოში არცერთი ნაცმედია ამას არ აშუქებს და იმიტომ არ აშუქებს, რომ ახლა პრეზიდენტი არის ტრამპი და ზელენსკი ცდილობს, რომ ძველ ადმინისტრაციას გადააწეროს ეს ცოდვები, რომელიც რეალურად „დიფ-სთეითისგან“ მომდინარეობდა. ადამიანი 90 მილიარდ დოლარამდე თანხაზე საუბრობს და ჩვენ როდესაც ფინანსურ ინტერესებზე ვსაუბრობდით, გახსოვთ როგორ გვამუნათებდნენ.

თავად ზელენსკიმ, ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, რომ ათეულობით მილიარდი დოლარის მითვისებაში დაედანაშაულებინა „დიფ-სთეითი“ და სხვადასხვა კორპორაცია. ეს არის სკანდალი, რომლის შესახებაც ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის წარმომადგენლების ამომრჩეველმა არაფერი იცის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის პრეზდენტი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.