ტატა ხვედელიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საქმიანობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა, ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ

ტატა ხვედელიანი

რა მნიშვნელობა აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტურ კომპანიას დაიქირავებს თუ რას? – არანაირი, მათი ქმედება ქართველი ხალხის ინტერესებს კი არა, მხოლოდ ხელისუფლების რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საქმიანობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა, ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ.

„აქედან გამომდინარე, ეს პარტია ლობისტურ ორგანიზაციას დაიქირავებს თუ კონკრეტულ ადამიანებს დააფინანსებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ცნობს ყველა იმ მტრულ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში, რასაც ისინი ახორციელებენ. თუნდაც 4 ოქტომბერი გაიხსენეთ, რითიც უდიდესი უკუსვლა განვიცადეთ – რეპრესიები უფრო გაიზარდა და პოლიტპატიმრების ყოფა უფრო გართულდა. რა მნიშვნელობა აქვს, ესენი ლობისტურ კომპანიას დაიქირავებენ თუ რას? – არანაირი. მათი ქმედება ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, მხოლოდ ხელისუფლების რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება“, – განაცხადა ხვედელიანმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას“ გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner-ი, Reuters-ი, Newsmax-ი, The Hill-ი. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენისა და სენატორის ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

მანამდე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.