1769540049
ტატა ხვედელიანი: ხუთი-ექვსი წლის წინ, საქართველო როდესაც ასოცირებულ ტრიოში წამყვან პოზიციებს იკავებდა, არასდროს იყენებდა იმ ფაქტს, რომ მოლდოვა ბევრი მაჩვენებლით ჩამორჩებოდა
მაია სანდუს განცხადება, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, ამის ფაქტად გამოცხადება, აკნინებს საქართველოს მოსახლეობის მწვავე ბრძოლას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება ასევე აკნინებს ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.
„მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს პატივისცემას ვუდასტურებ. თუმცა, ასეთი განცხადებები, იმის თქმა, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, ამის გამოცხადება, როგორც დადასტურებული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მწვავე ბრძოლას აკნინებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს რეჟიმი, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. მინდა შეგახსენოთ, რომ 5-6 წლის წინ, როდესაც საქართველო წამყვან პოზიციებს იკავებდა იმ ტრიოში, რომელიც აცხადებდა საკუთარ პრეტენზიას ევროკავშირში წევრობაზე, საქართველო არასოდეს არ იყენებდა იმას, რომ მოლდოვა არ ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს და ბევრი მაჩვენებლით ჩამორჩებოდა. შესაბამისად, ჩვენ მაშინაც და დღესაც გვჯერა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ადგილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირშია“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.
„რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.











