თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველა პოლიტიკოსს, ვინც პარტიის შექმნა და შენარჩუნება ვერ შეძლო, პენსიაზე გასვლისკენ მოგიწოდებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი

ყველა პოლიტიკოსს, ვინც პარტიის შექმნა და შენარჩუნება ვერ შეძლო, ვერც იმის ინტერესი შეინარჩუნა, რომ ახლა შეძლოს და არც თავმდაბლობა ყოფნის, რომ საკუთარი ლიდერობის უნარებზე ადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას, რომელიმე არსებულ პარტიას შეუერთდეს და იერარქიაში ჩაჯდეს, პენსიაზე გასვლისკენ მოგიწოდებთ, – ამის შესახებ პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი ასევე წერს, რომ „დემოკრატიული პარტიების და პლურალიზმის გარეშე რეჟიმი ვერ შეიცვლება“.

„თქვენ რომ არ გამოგივიდათ, არ ნიშნავს, რომ სხვისი მცდელობა უნდა დაამციროთ და ხელი შეუშალოთ. დემოკრატიულ პარტიებს დელულუ ბაბლის ადორაცია ვერ ჩაანაცვლებს. რავი, თუ ბაბლი მოგყვებათ და ლიდერად გაღიარებთ, ბაბლისგან გააკეთეთ პარტია, რადგან დემოკრატიული პარტიების და პლურალიზმის გარეშე რეჟიმი ვერ შეიცვლება“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, პროცესის მოსაწესრიგებლად საჭიროა, რომ პროცესში მონაწილე ლიდერების უკან იდგეს ხალხი, რომელიც ამ ლიდერს ენდობა.

„იმისთვის, რომ პროცესი მოწესრიგდეს, პროცესში ისეთი ლიდერები გვჭირდება, რომლებიც საკუთარ პარტიას წარმოადგენენ – რეალური წარმომადგენლები არიან. მათ იციან, ვისაც წარმოადგენენ, მათი ინტერესები, მათ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეს ხალხი ენდობა და მზადაა, მისი ლიდერშიფით მიღებულ გადაწყვეტილებებს დაეთანხმოს. არავის და ყველას ერთდროულად თუ წარმოადგენ, ასე პროცესი ვერ იმართება. თუ გვსურს, რომ პროცესში ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები შესრულდეს, პროცესში მონაწილე ლიდერების უკან უნდა იდგეს ხალხი, რომელიც ამ ლიდერს ენდობა, ეს ლიდერი აირჩია თავისად და მზადაა, მისი გადაწყვეტილებები შეასრულოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.