სუს-ი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას, ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.

უწყების ცნობით, სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება.

"2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. ამასთან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე", - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.