1788242698
სულხან თამაზაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულთან და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
„ერთი მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ ძებნილ პირთა საკითხებზე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიან გამოყენებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ პოლიციის ატაშეებს, რომელთა ჩართულობა და ყოველდღიური საქმიანობა კიდევ უფრო უწყობს ხელს ჩვენს უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
„აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.









