1733857922
სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვა - აქცია მშვიდობიანად გრძელდება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვეს. ადგილზე კვლავ რჩებიან წყლის ჭავლის მანქანები - ამ დროისთვის ადგილზე სამი ერთეული მანქანა დგას.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავენ, სკანდირებენ. მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი პიროტექტნიკის სროლას, თუმცა პარლამენტის შენობიდან მოშორებით და ისიც - ჰაერში.
დემონსტრანტების ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, ჭიჭინაძის ქუჩის დაღმართზე დგას, სადაც ისინი დრო და დრო სამართალდამცველებს ესაუბრებიან და ეს დიალოგიც მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩება, ძირითადი მასა კი თავმოყრილია სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.