ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების მორიგ ღამეს უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები

ურსულა ფონ დერ ლაიენი

რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროკომოსიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთი უნდა შეუერთდეს მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს.

„რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების მორიგ ღამეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლა. ასევე, კიევში, ევროკავშირის დელეგაციაზე განხორციელდა დარტყმა. ჩვენი დელეგაციის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები და შეუერთდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.