სოზარ სუბარი: საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგება

პარლამენტის წევრი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგება და არა იარაღით.

„მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად და, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების გასაგონად ვთქვა: საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგება. ესაა პოლიტიკა, რომლიდან გადახვევას ჩვენი ქვეყანა არ აპირებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები - აფხაზიც, ოსიც და ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეც უნდა დარწმუნდეს, რომ:

- ჩვენ არ ველოდებით ხელსაყრელ მომენტს, როცა იარაღით შევეცდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

- ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკურად წარმატებულ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება მათთვის უფრო მომგებიანია;

- უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოა ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე წარმატებულად შეუძლიათ თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნონ, თავისი კულტურა განავითარონ და საკუთარი შვილების წარმატებული მომავალი უზრუნველყონ.

სწორედ ეს არის ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზა და საქართველო ამ გზიდან არასდროს გადაუხვევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.