სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის 26 ოქტომბერს 41 ნომრის შემოხაზვა - ეს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც არის ჩვეულებრივი აგენტურა, გაშიფრულია

სოზარ სუბარი

მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის 26 ოქტომბერს 41 ნომრის შემოხაზვა. ეს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც არის ჩვეულებრივი აგენტურა, გაშიფრულია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა და ამიტომ, ცდილობენ ძალიან სამარცხვინო მეთოდებით მათ გაძლიერებას.

„სამარცხვინო მეთოდებში ვგულისხმობ თუნდაც იმ დემარშს, რომელიც დღეს ვიხილეთ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებში ვინ გაიმარჯვებს, ამაზე ნამდვილად არ დავიწყებ სპეკულაციას, თუმცა, არა მგონია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ეცალოს. როდესაც საუბარი იყო თუნდაც დღევანდელ დემარშთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ანტიდემოკრატიული ქმედებები იყო ამის მიზეზი, ჩვენ ვხედავთ ყველა საერთაშორისო რეიტინგში, რომელიც ახლა ქვეყნდება, საქართველო არამხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ წევრ ქვეყნებთან შედარებით არის წინ წაწეული, არამედ, ძალიან ბევრ ევროპულ და ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყანაზე წინ ვდგავართ. დღეს, თუნდაც, ვიხილავთ რამდენი ისეთი ქვეყანა იქნება მიწვეული, სადაც დემოკრატიის ხარისხზე ძალიან სერიოზული ეჭვები არსებობს.

როდესაც ასეთ მეთოდებს იყენებენ საქართველოს მოსახლეობაზე და არჩევანზე ზეწოლისთვის, როგორიც არის ჯერ მიწვევა ვახშამზე და შემდეგ ამის გაუქმება, ამით ქართველ ხალხს მხოლოდ გააღიზიანებენ და უფრო მტკიცედ ჩამოაყალიბებენ მათ თავიანთ არჩევნებში. ზუსტად დღევანდელი დღის შემდეგ აღარ მეპარება ეჭვი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს გარანტირებული. შალელაშვილებისა და გახარიების გაერთიანებით თუ რამის მიღწევას ფიქრობენ, მეორე ძალიან სასაცილო სტრატეგიაა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.