მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში - თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა

შსს

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისიღონისძიებების გატარებას განაგრძობს. ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში: თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა. მართლწესრიგის ოფიცრები საქმიანობის განხორციელებას უკვე შეუდგნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, მართლწესრიგის ახალ ოფიცრებს სამინისტროში უმასპინძლა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გეკა გელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის ინსტიტუტის გაძლიერების მიზანი, საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებაა, რაც საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

მართლწესრიგის ახალი ოფიცრების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა, რის შემდეგაც კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან, ასევე, მუდმივად ახორციელებენ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასა და სხვადასხვა დანაშაულზე რეაგირებას.

შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.