1732817040
სოზარ სუბარი: მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლამდე არ შევეხოთ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, სწრაფი ტემპით გავატაროთ რეფორმები, რომელიც გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ამის შემდეგ დავაყენოთ მოლაპარაკების საკითხი
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ვიჩქაროთ, 2028 წლამდე საერთოდ არ შევეხოთ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან სწრაფი ტემპით გავატაროთ რეფორმები, რომელიც გაწევრიანებისთვისაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენოთ მოლაპარაკების გახსნის საკითხი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მანევ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია პირდაპირი მოწოდებაა საქართველოში დესტაბილიზაციისკენ.
„დღეს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის მოწოდება, რომ არ სცნონ ლეგიტიმურად არჩევნები, რომელიც საქართველოში ყოველგვარი დარღვევის გარეშე ჩატარდა, განსხვავებით თუნდაც მოლდოვისგან, სადაც მაია სანდუმ ფაქტობრივად წააგო არჩევნები და შემდეგ ევროპაში გაყალბებული, ჩაყრილი ხმების მეშვეობით გახადეს პრეზიდენტი. ამ დროს საქართველოში კითხვა არ არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით და ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე ასეული დეპუტატი უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი მოწოდება დესტაბილიზაციისკენ.
ის პროცესი, რასაც მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ჰქვია მუდმივად გამოყენებულია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის, ისევე, როგორც ამისთვის თავის დროზე ევროკავშირის სტატუსის მიღება იყო გამოყენებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ვიჩქაროთ, 2028 წლამდე, საერთოდ არ შევეხოთ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან სწრაფი ტემპით გავატაროთ რეფორმები, რომელიც გაწევრიანებისთვისაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენოთ მოლაპარაკების გახსნის საკითხი“, - აღნიშნა სუბარმა.