სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: საქართველოს ეროვნულ ბანკთან ვგეგმავთ მემორანდუმის ხელმოწერას სამომავლო თანამშრომლობაზე, თბილისის ფინანსური სამიტი კარგი შესაძლებლობაა იდეების გაზიარებისთვის

სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

თბილისის ფინანსური სამიტი არის კარგი შესაძლებლობა იდეების გაზიარებისთვის, არა მხოლოდ საჯარო სექტორის კოლეგებისთვის, არამედ კერძო სექტორის, ფინტექის კომპანიებისთვისაც, – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მარტინ გალსტიანმა განაცხადა.

მარტინ გალსტიანის თქმით, იგეგმება სომხეთის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს მთავრობას შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ სამიტზე ჩამოვსულიყავი. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა იდეების გაზიარებისთვის, არა მხოლოდ საჯარო სექტორის კოლეგებისთვის, არამედ კერძო სექტორის, ფინტექის კომპანიებისთვისაც. სამიტზე არის ურთიერთქმედების და თანამშრომლობის კარგი შესაძლებლობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისთვის.

ჩვენ, როგორც ცენტრალური ბანკი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ კერძო სექტორის კოლეგებთან ფინტექის სექტორის შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ რეგიონულ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ და საქართველოს ეროვნული ბანკი ვგეგმავთ, ხელი მოვაწეროთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ბევრი მიმართულებით ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორისაა ციფრული აქტივები და ფინანსური რეგულაციები“, – განაცხადა სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მარტინ გალსტიანმა.