ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთანდაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანამ ეროვნული ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს. მათივე შეფასებით, გზა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გადის, საქართველომ უკვე გაიარა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სლოვენია იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, რომლებიც უცხოური გავლენების შესამცირებლად და სუვერენული ინტერესების დასაცავად შესაბამის მექანიზმებს ქმნიან.
"სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად მსოფლიო წესრიგი მორყეულია, მოშლილი არის, როდესაც ინტერესები, მათ შორის ევროკავშირის შიგნითაც ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ კოლიზიაში მოდის ერთმანეთთან, ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცა გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც და ჩვენც სწორედ ამ მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რომ ყოფილიყო გამჭვირვალობა და არ ყოფილიყო უცხო ფულის კანონგარეშე [შემოსვლა], უკანონო ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფომ საკუთარი ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.
"მე მივესალმები პირადად ამას, იმიტომ, რომ დღევანდელი ამ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგიდან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ ყველა სახელმწიფომ, ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ერთი კანონი როდესაც საფრანგეთში და სლოვენიაში იცავს სუვერენიტეტს, არ შეიძლება ეს ჩვენთან იყოს დემოკრატიის უკუსვლა, ის იგივენაირად ჩვენთანაც იცავს დემოკრატიას და სუვერენიტეტს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი.