სირცხვილი, ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული, არ ვიცი, უბრალოდ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ - შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას

პაპუაშვილი

პარლამენტში, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შორიის სიტყვიერი დაპირისპირება იყო:

"საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, არასდროს დაბრუნდება რუსული გალენის ქვეშ და რომ ოქტომბერში ხალხი გასცემს პასუხს მათ შორის, ივანიშვილს, რომელიც საკუთარი და კრემლის ინტერესების გასატარებლად მოვიდა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ ვეტო, ისეთი ვეტო დაძლიეთ, აწი არავის არაფერი აღარ გაუკვირდება, მაგრამ პასუხისმგებლობა გელოდებით ოქტომბერში მათ შორის პოლიტიკური. მორალური პასუხისმგებლობა კი, რომ არ გაგაჩნიათ, ამას ისედაც ვხედავთ," - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

თეონა აქუბარდიას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ ის "საარჩევნო სიის გამო, ასეთ მდაბიო საქციელზე არ უნდა წავიდეს":

"ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა, როგორ შეგიძლიათ მიკვირს, წესით უნდა გასკდეთ ამ დროს ბოღმისგან, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, განსაკუთრებით, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეს ბოღმა დაგახრჩობთ. სირცხვილი, ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ, რომ სიაში ჩაგსვათ, მაგრამ ამის გამო, ასეთი მდაბიო გამოსვლები, ასეთი მდაბიო საქციელი, რასაც თქვენ კადრულობთ, არ ვიცი, უბრალოდ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ. უცხოეთთან თანამშრომლობას რაც შეეხება, თქვენკენ მოიკითხეთ," - განაცხადა პაპუაშვილმა.