შუბებით, არბალეტებით და მშვილდ - ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო," - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

მმართველი პარტია წერს, რომ მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად, არ არის წარმოდგენილი არანაირი ფაქტი და ყველა ვარაუდი დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ BBC-იმ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხი, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოაქვეყნა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმაც.

"ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდ - ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, ან ლოდმტყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარია ის, ვინ მიაწოდა მათ ეს აბსურდი, ყოველგვარ ზღვარს გადასული მსჯელობა. არ გააჩნია არანაირი ლოგიკური, ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა - იმ გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდეგ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბის ხელმძღვანელიც გადადგა, თუ არ ვცდები, რადგან ტრამპის მიმართ ტყუილის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.