„შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო“ - ზაზა გოგავა

ზაზა გოგავა

მეორე დღეა დროებითი საგამოძიებო კომისიის განხილვის საგანი აგვისტოს ომი და 2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა. სამ საათზე მეტია კითხვებს პასუხობს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი. ზაზა გოგავასთან საუბრის დროს იყო დისკუსია და კამათიც, დაისვა არაერთი კითხვა. მოსმენის დასაწყისში, კომისიის თავმჯდომარის, კითხვის საპასუხოდ, გენერალმა გოგავამ განმარტა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზი.

მისი თქმით, ვერ მისცემდა საკუთარ უფლებას, 2008 წლის აგვისტოს ომზე ესაუბრა როგორც „პოლიტიკურ კალაპოტში მყოფ“ ადამიანს. ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ მთავარსარდლის შემდეგ ის იყო პირველი, ვინც დავალებებს გასცემდა და იღებს პასუხისმგებლობას ყველა სამხედრო გადაწყვეტილებაზე.

„მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება, ანუ თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, არაფერში არ გჭირდება. ამის მიზანი იყო ეს, მეტი არაფერი, რომ ის სასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი, რაც გამოგვივიდა.

ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, მანევრული თავდაცვა ჰქვია ამას - სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ღობესთან თუ მიხვალ, კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ... და რომ გამოვლენ სამხედრო ექსპერტები, მინდა მივმართო ყველას, შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეტვა თურმე და მერე მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეიარაღებულ ძალებში, მაშინ გაკეთებინათ.

ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, ყველა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გასწია. მათ შორის ქურთადან,“ - განაცხადა ზაზა გოგავამ.