გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც მოსამართლის გადაწყვეტილება მოისმინა
1780391870
კამპანია ქველმოქმედების წინააღმდეგ - "ქართულ ოცნებაში" შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის შესახებ ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებზე საუბრობენ. ფონდმა "ქართუმ " ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
ამ ტერიტორიაზე Starring Georgia მალე საქართველოში ყველაზე დიდ დინო პარკს "დინოტოპიას" გახსნის.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიხედვით იქმნება თანამედროვე შემეცნებით-გასართობი სივრცე, ოპოზიცია ამ საქველმოქმედო პროექტის დაზიანებას სხვადასხვა სპეკულაციური მეთოდით ცდილობს. აბსურდული ბრალდებები ქვეყნის ეკონომიკის და "ქართუ ფონდის" იმიჯის დაზიანებისთვის - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები კეთდებოდა თავის დროზე "ციცინათელასთან" დაკავშირებითაც, ასევე დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით.
"მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო "ფონდი ქართუ", ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ახალი თაობისთვის სასიკეთო ნაბიჯებს დგამს, როგორც საკუთარი თანხებით გამოსყიდვა კონკრეტული კერძო საკუთრებიდან მიწის უზარმაზარი ნაკვეთისა და შემდეგ გადაცემა სახელმწიფოსთვის, სადაც უნდა მოეწყოს შემდეგ პარკი, რომელიც გახდება "ციცინათელას" შემადგენელი ნაწილი.
ჩვენ გვესმოდა იგივე "ციცინათელასთან" დაკავშირებით, იმავე ხასიათის განცხადებები, იგივე იყო დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით. ახლა ვისმენთ, რომ თითქოს ფულის გათეთრების რაღაც სქემა კეთდება.
ფულის გათეთრების სქემა ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადონ თანხები, ისე ვერავინ ვერ მოხვდება ამ პარკშიო და ხომ ხედავთ, რომ პარკი არის უფასო და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ტურისტს შეუძლია თავისუფლად შევიდეს ამ პარკში და სარეკრეაციო სივრცით ისარგებლოს.
რა თქმა უნდა, მავნებლობას, ცრუპენტელობას საზღვარი არ აქვს, მათ შორის ამ კუთხითაც. ყველაფერი კარგი რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს შავბნელად ესახება კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომაც ამ ცრუპენტელობაში არიან გადასულები. მაგრამ, ვინ უსმენს უკვე მათ. მათ პროპაგანდისტულ არხებსაც ვხედავთ, რომ საზოგადოების მინიმალური ნდობა აქვთ", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
შეგახსენებთ, საუბარია შეკვეთილის მიწის ნაკვეთზე, რომელიც "ქართუ ფონდმა" სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების შესაბამისად, შეიძინა შპს "აკვა ცენტრისგან" და ის სრულიად უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, იმისთვის, რომ მოეწყოს ადგილზე რეკრეაციული სივრცე. თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რამდენიმე კვირაა ამტკიცებენ, თითქოს ეს საეჭვო ტრანზაქციაა.