„შემოვიარეთ ის ძირითადი სოფლები, სადაც ფაქტობრივად გზა ჩაკეტილი არის და ვიმედოვნებ, რომ დღეს და ხვალ, მაქსიმალურად იქნება ეს პრობლემები აღმოფხვრილი“ - ლაშა ტალახაძე

ტალახაძე

ქართული ოცნების" წევრის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, იმერეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებიდან პრიორიტეტი ონკოპაციენტები და შესაბამისი დახმარების საჭიროების მქონე პირები არიან.

მისივე თქმით, სავარაუდოდ გზის გაწმენდითი სამუშაოები ორ დღეში დასრულდება.

"დღევანდელი დღე გვაჩვენებს, რომ უკეთესობა არის, ამინდიც შედარებით ხელს გვიწყობს. რაც მთავარია, მაქსიმალურად ვზრუნავთ, პირველ რიგში, ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანებზე, ასევე თუ ვინმეს რამე გადაუდებელი საჭიროება აქვს, მაქსიმალური ყურადღება ექცევა.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თითქმის ყველა უწყება, ვინაიდან თოვლის საფარი ძალიან მაღალია. შემოვიარეთ ის ძირითადი სოფლები, სადაც ფაქტობრივად გზა ჩაკეტილი არის და ვიმედოვნებ, რომ დღეს და ხვალ, მაქსიმალურად იქნება ეს პრობლემები აღმოფხვრილი", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო, იმერეთში 103 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა, 20 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 1600 ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.