საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
"ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გახსნა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
"სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ამ შესაძლებლობას თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკით ვპასუხობთ. ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას“, - განაცხადა მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ამ ხედვის შესაბამისად, ხელისუფლება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.