1747980527
შალვა პაპუაშვილი ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე: კვალიფიკაცია არის პროკურატურის საქმე, რომელსაც შემდეგ სასამართლო წყვეტს. პროკურატურამ და სასამართლომ ერთობლივად იმსჯელეს. რაც შეეხება საიას განცხადებას, ეს არის დეზინფორმაცია ან უცოდინარობა

მე, პარლამენტს არაფერი დაგვიწყია, ეს რა თქმა უნდა, გახლავთ პროკურატურის პრეროგატივა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, რატომ დაიწყეს სისხლის სამართლის წესით დევნა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ მაშინ, როდესაც იდენტური შინაარსის მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსშიც არსებობს.
„პროკურატურამ ასევე, „ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე განმარტებაც გააკეთა, რასთან გვაქვს საქმე. ამა თუ იმ ქმედების კვალიფიკაცია არის პროკურატურის საქმე, რომელსაც შემდეგ სასამართლო წყვეტს. პროკურატურამ და სასამართლომ ერთობლივად იმსჯელეს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საიას განცხადებას, ეს არის დეზინფორმაცია ან უცოდინარობა. არ ვიცი, ვინ ჰყავდათ მათ ლათინურის მასწავლებელი, რა პრინციპები მოიტანეს, როცა მთავარი პრინციპი ავიწყდებათ, რომ ყველაზე გვიანი კანონი უპირატესია, ვიდრე წინა კანონი. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ გადაცდომასა და დანაშაულს შორის კონკურენციაშიც პასუხი მარტივია.
ესეც პრობლემაა, როდესაც „საია“, რომლის დამფინანსებელი გახლავთ ევროკავშირის საელჩო, ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.
მოქმედებს ყველაზე ახალი კანონი. მეორე - თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ თუ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს. დღისით, მზისით, როცა მამალ ტყუილს ამბობს ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის საელჩოდან, ეს ხომ არის ევროკავშირის საელჩოს პასუხისმგებლობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე დეზინფორმაციას ავრცელებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირი როგორ დაჟინებით საუბრობდა ხოლმე და დღემდე საუბრობს დეზინფორმაციის დაუშვებლობაზე, როცა თავად ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას. ამიტომ ან საელჩო ემიჯნება მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დეზინფორმაციას და გმობს ამას . ან გამოდის, რომ ეს ყველაფერი ხდება მათთან შეთანხმებით და მათი თანხმობით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც საკითხები წყდება კანონების და არა სურვილების მიხედვით.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. ჯაფარიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა.