ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
1769931655
საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ყველა დარწმუნდა, რა ჯგუფები არიან ისინი, რომლებიც დისკუსიას კრძალავენ, უნდათ ყვირილი და არა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს.
პაპუაშვილის თქმით, ნიშანდობლივი იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, რომ დისკუსიაში არავინ ჩაერთოს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის სახით საუბრობენ ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში რადიკალებს მართავენ.
„სალომე ზურაბიშვილის კონტაქტებს თუ გავითვალისწინებთ, მისი სახით ზოგიერთი უცხოური ჯგუფი გვესაუბრება. მისი სახით, დაფინანსებულ ჯგუფებს მისცეს სიგნალი, რომ არანაირ დისკუსიაში არ შევიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ სცენაზე სუსტები არიან და საკუთარ არგუმენტებს ვერ წარმოაჩენენ. შარშან, არჩევნების შემდეგ, როცა ძალადობრივი აქციები ვნახეთ, პრემიერ-მინისტრი და მე მზად ვიყავით, საჯაროდ დავმსხდარიყავით, დაესახელებინათ, მათი ფალავნები ვინ იქნებოდნენ და გვესაუბრა, რა იყო დაწყებული და 28 ნოემბერს რა შევწყვიტეთ. ახლა ყველა მიხვდა, მაშინ რამდენიმე უცხოელმა რაც მოიფიქრა, აბსოლუტური ფარსი იყო, რაშიც რამდენიმე დიპლომატი ჩაერთო. ფარსი იყო, თითქოს დაწყებული იყო მოლაპარაკება, რომელიც შევწყვიტეთ. სხვათა შორის, ევროკომისიამ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილება რომელ ქვეყნებზეც მიიღო, დღემდე არ დაუწყიათ, უკვე ორი-სამი წელი გავიდა. მათთანაც კი არ დაწყებულა მოლაპარაკება, მაგრამ ბრიუსელიდან ასე უტიფრად თქვეს ტყუილი, თითქოს საქართველომ მოლაპარაკება შეაჩერა. ბრიუსელიდან დღემდე ამბობენ ამ ტყუილს და ამ ტყუილით თბილისის ქუჩებში ძალადობა წააქეზეს. ყველას შევთავაზეთ დალაპარაკება, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ტყუილს ჰქონდა ადგილი. მაშინ, გარედან მითითებებით ჩაჩეხეს ყველანაირი შესაძლებლობა, მათთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის დრო იყო. ძალადობის იდეალიზება მოხდა და ადამიანებს ნებისმიერი სახის დისკუსია აუკრძალეს.
სალომე ზურაბიშვილის სახით გვესაუბრებიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში რადიკალებს მართავენ. ხელისუფლება განუწყვეტლივაა დებატებში, რადგან პრემიერ-მინისტრი, მე, მინისტრები, დეპუტატები მედიასთან ინტერაქციაში ვართ. არ არსებობდა კითხვა, რომელსაც ჩვენამდე მათი ტელევიზიების გავლით მოიტანდნენ და პასუხს გავექეცით. საუბრის ნაცვლად, უნდათ ყვირილი, ძალადობა, ლოზუნგები. სამწუხაროდ, ეს არის, რაც საქართველოში ბრიუსელის დაფინანსებით ხდება – ზიზღი, ძალადობა წაქეზებული უნდა იყოს. რაც შეეხება პლატფორმებს, ჩვენი მიზანი არ არის, რომ დებატების დროს კორიდა გაიმართოს, ყვირილი და ჩხუბი იყოს. საგნობრივი დისკუსია უნდა იყოს წივილ-კივილის გარეშე. ნებისმიერი ასეთი ფორმატი მსგავს გარემოს უნდა უზრუნველყოფდეს.
ოპონენტებადაც ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ. რადიკალების კუთვნილი ტელევიზია დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. რადიკალების ტელევიზიები კონსტიტუციურ წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ამგვარ პარტიულ ტელევიზიაში ჩვენი მონაწილეობა განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 22 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. „ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.