ქეთევან გორჯესტანი France24-ის ეთერში: „რესპუბლიკური“ პარტია მიგრაციის საკითხზე ამომრჩეველს კარგავს

გორჯესტანი

France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა აშშ-ის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი თემა - მიგრაცია - შესაძლოა მათთვის პოლიტიკური ზიანის მომტანი გახდეს.

გორჯესტანმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ კაროლინას „რესპუბლიკელი“ სენატორის, ტომ ტილისის განცხადებაზე. ტილისმა კრისტინ ნოემსა და სტივენ მილერს „არაკომპეტენტურები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა პარტიის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ისინი დაღუპავენ თეთრ სახლს და „რესპუბლიკურ“ პარტიას იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ძლიერი მხარე იყო - მიგრაციაში. ისინი დაგვაკარგვინებენ იმას, რაც 2024 წელს მოვიპოვეთ“, - ციტირებს ჟურნალისტი სენატორის სიტყვებს.

ჟურნალისტის თქმით, ტილისის პოზიციას ბევრი სხვა „რესპუბლიკელიც“ იზიარებს, თუმცა ამას საჯაროდ ყველა არ აჟღერებს. განსაკუთრებული შეშფოთება შეიმჩნევა მათ შორის, ვინც წლის ბოლოს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ემზადება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი „რესპუბლიკელი“ ფიქრობს ასე, თუმცა ყველა არ ამბობს ამას ასე ღიად. კულუარულ საუბრებში „რესპუბლიკელები“ აღნიშნავენ, რომ ისინი, ვინც წლის ბოლოს, შუალედურ არჩევნებში ხელახლა ასარჩევად კამპანიას იწყებენ, კარგად ხვდებიან ერთ რამეს: მიგრაციის საკითხზე, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, „რესპუბლიკური“ პარტიისა და დონალდ ტრამპის მთავარი ძალა იყო, მათ ახლა საკუთარი ამომრჩეველი აკრიტიკებს“, - აღნიშნა მან.

„შესაძლოა არა ყველაზე თავდადებული „MAGA“ (ტრამპის მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“) მხარდამჭერები, მაგრამ ზოგადად „რესპუბლიკელები“ და მათთან ერთად ის დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა „რესპუბლიკელებს“ სწორედ მიგრაციისა და ეკონომიკის გამო მისცეს - მათ პარტია ახლა კარგავს. ეს შესაძლოა იყოს ის მიზეზი, რამაც აიძულოს „რესპუბლიკელები“ უფრო ხმამაღლა ისაუბრონ. ისევე, როგორც [აშშ-ის კონსტიტუციის] მეორე შესწორების [იარაღის ტარების უფლება] საკითხმა აალაპარაკა ხალხი, ვინც აქამდე თეთრ სახლს დიდად არ აკრიტიკებდა. ისინი, ვინც იარაღის ტარების უფლებასა და მეორე შესწორებას იცავენ, ამბობენ, რომ „ჩვენ გვაქვს უფლება, მანიფესტაციაზე იარაღით მივიდეთ“, - დასძინა გორჯესტანმა.