შალვა პაპუაშვილი: ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული ხერხი

შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარმატებული იყოს, ვაკვირდებით რომ ბოლო 5 წელში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს.

„როგორც ჩანს მისი [რუმენ რადევის] პარტია იქნება გამარჯვებული და მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების საშუალება. ჩვენთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს და იმედია, რომ ასეც მოხდება“, - აღნიშნა მან.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა რუმენ რადევის პრორუსულობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.

„ვინც ერთ რამეშიც არ ეთანხმება ბრიუსელს, ყველა პრორუსია, ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად, „ქართული ოცნება“ პრორუსად - ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის პროპაგანდისტული ხერხი, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშაონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს.